მოგზაურობის დაგეგმვისას, დაიწყეთ საძიებო სისტემებიდან ფართო ძიებით, შემდეგ კი გადაამოწმეთ და შეიძინეთ ბილეთი უშუალოდ ავიაკომპანიის საიტზე, რათა მიიღოთ მაქსიმალური დაცვა და ზუსტი ინფორმაცია.
მოგზაურობამდე 2-დან 8 თვემდე პერიოდი ითვლება საუკეთესოდ. თუ თქვენი მოგზაურობა ზაფხულის თვეებში ან დეკემბრის არდადეგებზე მოდის, ბილეთი ჯობია შეიძინოთ 5-8 თვით ადრე. ასევე ბილეთები ხშირად ყველაზე იაფია სამშაბათსა და ოთხშაბათს, ყველაზე ძვირი კი – ხუთშაბათსა და პარასკევს.
თუმცა მიუხედავად ყველაფრისა, ბილეთის ფასი დამოკიდებულია კონკრეტულ რეისზე არსებულ მოთხოვნაზე და ავიაკომპანიის მიერ გამოცხადებულ ფასდაკლებაზე. გამოიწერეთ სასურველი ავიაკომპანიის სიახლეები თქვენს ელ ფოსტაზე. ხშირად ავიაკომპანიები თავიანთი ფასდაკლებებისა და აქციების შესახებ ინფორმაციას პირველ რიგში სწორედ გამომწერებს უგზავნიან.
როდესაც მოგზაურობას გეგმავთ, ყოველთვის შეამოწმეთ ფასი ორივე ვარიანტისთვის: როგორც ორმხრივი ბილეთის, ასევე ორი ცალ-ცალკე ბილეთის. ამის შემდეგ შეადარეთ და აირჩიეთ უკეთესი ვარიანტი.
ორმხრივი ბილეთის ყიდვა ტრადიციულ ავიაკომპანიებში, როგორიცაა Turkish Airlines ან Lufthansa, ყოველთვის უფრო იაფია ვიდრე ცალ-ცალკე აღებული ორი ერთმხრივი ბილეთი. მთავარი მინუსი ამ შემთხვევაში არის მოქნილობის ნაკლებობა. თუ რაიმე მიზეზით პირველ რეისს გააცდენთ, ავიაკომპანია ავტომატურად გააუქმებს თქვენს უკანა გზის ბილეთს და თანხას არ დაგიბრუნებთ.
დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები, როგორიცაა Wizz Air, Ryanair ან Pegasus თითოეულ რეისს ცალკე სეგმენტად განიხილავენ. ამიტომ, მათი ვებგვერდიდან ცალ-ცალკე ბილეთების ყიდვა მოგცემთ მეტ მოქნილობას. თუ რაიმე მიზეზით თქვენს გამგზავრების რეისზე არ გამოცხადდებით, უკანა გზის ბილეთი არ გაგიუქმდებათ. ხშირად ესეთ ავიაკომპანიებში ორმხრივი ბილეთის ყიდვისას, ტექნიკურად, ორი ცალ-ცალკე ბილეთი გიფორმდებათ.
დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების უმეტესობას, როგორიცაა Ryanair და Wizz Air, ძალიან ახალი და თანამედროვე თვითმფრინავები ჰყავთ.
ავიაკომპანიები ხშირად ყიდულობენ ახალ თვითმფრინავებს, რადგან მათ ნაკლები საწვავი სჭირდებათ, რაც კომპანიას ფულს უზოგავს. ეს საშუალებას აძლევს მათ, შეინარჩუნონ დაბალი ფასები და მოგება.
რაც შეეხება მომსახურებას, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები გთავაზობენ მხოლოდ აუცილებელ მომსახურებას. ეს ნიშნავს, რომ თქვენ იხდით მხოლოდ მგზავრობის ფასს და ყველაფერი დანარჩენი, მაგალითად, ბარგი, საჭმელი და სასმელი, დამატებით ფასიანია. ეს არის მთავარი მიზეზი, თუ რატომ არის მათი ბილეთები ასე იაფი.
მოკლედ რომ ვთქვათ, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების თვითმფრინავები არ არის ცუდი. მათ აქვთ ახალი და უსაფრთხო თვითმფრინავები, უბრალოდ, მათ მიერ შემოთავაზებული სერვისები შეზღუდულია.
ბილეთის გაუქმებისას თანხის დაბრუნების პოლიტიკა დამოკიდებულია ბილეთის ტიპზე, ავიაკომპანიასა და დაჯავშნის ვებგვერდზე.
იაფი ბილეთები: ეკონომ-კლასის იაფი ბილეთები, როგორც წესი, არ არის დაბრუნებადი (non-refundable).
ძვირი ბილეთები: რაც უფრო ძვირია ბილეთი, მით უფრო მოქნილი პოლიტიკა აქვს ავიაკომპანიას.
მოქნილი ტარიფები (Flexible Fares): ამ ტიპის ბილეთები გაძლევთ საშუალებას, შეცვალოთ ან გააუქმოთ მოგზაურობის თარიღი და მიიღოთ თანხა უკან.
დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები: Wizz Air და Ryanair ან არ აბრუნებენ თანხას, თუ ბილეთს გააუქმებთ ან აქვთ გაუქმების მაღალი საფასური (ჯარიმა), რაც ხშირად ბილეთის ღირებულებას უტოლდება. ამავდროულად აქვთ დამატებითი ფასიანი სერვისი ავიაბილეთის ყიდვისას, რაც ბილეთის უფასოდ გადაცვლას ან გაუქმებას გულისხმობს მომავალში. ტრადიციული ავიაკომპანიები: Turkish Airlines და Lufthansa შესაძლოა დაგიბრუნონ თანხა, მაგრამ ეს დამოკიდებულია ბილეთის ტარიფზე.
ასევე გაითვალისწინეთ რომ ბილეთის ფასი შედგება თვითონ ბილეთის ღირებულებისგან და აეროპორტების სხვადასხვა მოსაკრებელისგან. აეროპორტის მოსაკრებელის დაბრუნება ხშირად შესაძლებელია მიუხედავად იმისა დაბრუნებადი არის თვითონ ბილეთი თუ არა. ესეც დამოკიდებულია ავიაკომპანიის პოლიტიკაზე. მაგალითად Lufthansa, Pegasus გიბრუნებს გადახდილ მოსაკრებლებს გაუქმების შემთხვევაში, ხოლო ზოგიერთი სხვა ბიუჯეტური კომპანია არა (გაუქმების ჯარიმაში გიქვითავს).
ბილეთის ყიდვამდე ყურადღებით წაიკითხეთ ავიაკომპანიის პოლიტიკა. თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია მოქნილობა, უმჯობესია შეიძინოთ უფრო ძვირი, მოქნილი ბილეთი.
იმ შემთხვევაში, თუ ავიაკომპანიამ გაგიუქმათ ფრენა, თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ კომპენსაცია, რომლის ოდენობა დამოკიდებულია ფრენის მანძილზე. ეს უფლებები დაცულია ევროკავშირის რეგულაციით (EC) No 261/2004, რომელიც ვრცელდება ევროკავშირის ავიაკომპანიებზე ან იმ ფრენებზე რომლის დანიშნულების ადგილი ან გამოფრენის ადგილი არის ევროკავშირის ტერიტორია.
კომპენსაციის ოდენობა ფრენის მანძილზეა დამოკიდებული:
• 250 ევრო: 1500 კილომეტრამდე მანძილის ფრენებზე.
• 400 ევრო: 1500-დან 3500 კილომეტრამდე მანძილის ფრენებზე და ევროკავშირის შიგნით ყველა ფრენაზე, მიუხედავად მანძილისა.
• 600 ევრო: 3500 კილომეტრზე მეტი მანძილის ფრენებზე (ევროკავშირის გარეთ).
კომპენსაციის მისაღებად, უნდა აკმაყოფილებდეთ შემდეგ პირობებს:
• დაგვიანება: თუ ფრენა მინიმუმ 3 საათით დაგვიანდა, თქვენ გაქვთ კომპენსაციის მოთხოვნის უფლება.
• წინასწარ გაფრთხილება: ავიაკომპანიამ უნდა გაცნობოთ ფრენის გაუქმების შესახებ მინიმუმ 14 დღით ადრე. თუ გაფრთხილება მიიღეთ ამ ვადაზე გვიან, კომპენსაციის მიღების უფლება გეკუთვნით.
• დაუძლეველი ძალა: თუ ფრენა გაუქმდა „დაუძლეველი ძალის“ გამო (მაგალითად, ამინდის გაუარესება, სტიქიური უბედურება, გაფიცვა), ავიაკომპანია თავისუფლდება კომპენსაციის გადახდისგან.
კომპენსაციის გარდა ავიაკომპანია ვალდებულია დაგიბრუნოთ ბილეთში გადახდილი თანხა.
გარდა ფულადი კომპენსაციისა, თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ:
• ალტერნატიული ფრენა: ავიაკომპანია ვალდებულია შემოგთავაზოთ ალტერნატიული ფრენა, რომელიც დანიშნულების ადგილზე მიგიყვანთ.
• სასტუმრო და კვება: თუ ფრენის დაგვიანების ან გაუქმების გამო ღამის გათევა დაგჭირდათ, ავიაკომპანია ვალდებულია უზრუნველგყოთ სასტუმროთი და კვებით.
თუ Overbooking-ის (ანუ, ბილეთების ჭარბი რაოდენობით გაყიდვის) გამო არ აგიშვეს ბორტზე, თქვენი უფლებები და კომპენსაციის ოდენობა იგივეა, რაც ფრენის გაუქმების ან დიდი ხნით დაგვიანების შემთხვევაში. ეს რეგულირდება ევროკავშირის რეგულაცია (EC) No 261/2004-ით, რომელიც იცავს მგზავრების უფლებებს.
კომპენსაციის ოდენობა დამოკიდებულია ფრენის მანძილზე:
• 250 ევრო: ფრენებზე, რომელთა მანძილი 1500 კილომეტრამდეა.
• 400 ევრო: ფრენებზე, რომელთა მანძილი 1500-დან 3500 კილომეტრამდეა და ევროკავშირის შიგნით ყველა ფრენაზე, მიუხედავად მანძილისა.
• 600 ევრო: ფრენებზე, რომელთა მანძილი 3500 კილომეტრზე მეტია (ევროკავშირის გარეთ).
კომპენსაციის გარდა, ავიაკომპანია ვალდებულია:
• შემოგთავაზოთ არჩევანი: შეგიძლიათ აირჩიოთ თანხის სრული დაბრუნება (თქვენი ბილეთის ღირებულება) ან ალტერნატიული ფრენა, რომელიც დანიშნულების ადგილზე რაც შეიძლება მალე ჩაგიყვანთ.
• უზრუნველყოს სასტუმრო და კვება: თუ ახალი ფრენის მოლოდინში ღამის გათევა დაგჭირდათ, ავიაკომპანია ვალდებულია უზრუნველყოს სასტუმროთი, ტრანსპორტით და კვებით.
მნიშვნელოვანია, რომ ავიაკომპანიამ ჯერ მოძებნოს მოხალისეები, რომლებიც თანახმა იქნებიან დათმონ ადგილი სხვა მგზავრის სასარგებლოდ. მხოლოდ ამის შემდეგ აქვთ მათ უფლება, ძალით არ აუშვან ბორტზე ის მგზავრები, რომლებიც ნებაყოფლობით არ დათანხმდნენ.
შეაგროვეთ დოკუმენტები: უპირველეს ყოვლისა, შეინახეთ ყველა დოკუმენტი, რომელიც ფრენასთან არის დაკავშირებული. ესენია:
• საფრენი ბარათი (boarding pass) – ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტია.
• ბილეთის დაჯავშნის დადასტურება – ანუ, თქვენი ბილეთის ასლი.
• ყველა ქვითარი – თუ დამატებითი ხარჯების გაღება მოგიწიათ (მაგალითად, სასტუმრო, ტრანსპორტი, კვება), შეინახეთ ყველა ქვითარი.
დაუკავშირდით ავიაკომპანიას: გაუგზავნეთ წერილობითი განცხადება ავიაკომპანიას. შეგიძლიათ გამოიყენოთ მათი ოფიციალური ვებგვერდი ან ელექტრონული ფოსტა. განცხადებაში დეტალურად აღწერეთ სიტუაცია, მიუთითეთ ფრენის ნომერი, თარიღი და მგზავრების რაოდენობა. აუცილებლად დაურთეთ ზემოთ ნახსენები დოკუმენტები.
გამოიყენეთ სპეციალიზებული კომპანიები: არსებობს კომპანიები, რომლებიც სპეციალიზდებიან ავიაკომპანიებისგან კომპენსაციის მოთხოვნაზე. მათ შეუძლიათ თქვენი სახელით აწარმოონ მოლაპარაკებები და იურიდიული პროცედურები. ისინი, როგორც წესი, იღებენ საკომისიოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კომპენსაციას მიიღებთ.
დრო, რომლის განმავლობაშიც შეგიძლიათ კომპენსაციაზე მოთხოვნის გაგზავნა, ქვეყნისა და სასამართლოს მიხედვით განსხვავდება, თუმცა უმეტეს შემთხვევაში ის ფრენიდან 2-დან 6 წლამდე მერყეობს. მაქსიმალური ვადა 6 წელია.
ამინდის პირობები: თუ ფრენა გაუქმდა ან დაგვიანდა ცუდი ამინდის გამო (მაგალითად, ძლიერი ქარბუქი, ქარიშხალი), ავიაკომპანია პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება, რადგან ეს მოვლენა მათი კონტროლს მიღმაა.
უსაფრთხოების რისკები: თუ ფრენა გაუქმდა უსაფრთხოების მიზნით, მაგალითად, ასაფრენი ბილიკის დაზიანების ან აეროპორტის სხვა ტექნიკური პრობლემის გამო, რომელიც საფრთხეს უქმნის მგზავრებს, ავიაკომპანია თავისუფლდება კომპენსაციისგან.
პოლიტიკური არეულობა: თუ ფრენა გაუქმდა პოლიტიკური არეულობის, ომის ან ტერორისტული თავდასხმის გამო, ავიაკომპანია არ არის ვალდებული კომპენსაცია გადაიხადოს.
გაფიცვა: თუ ფრენა გაუქმდა გაფიცვის გამო, ავიაკომპანია შეიძლება თავისუფალი იყოს კომპენსაციისგან.
ეს წესები ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ავიაკომპანიას შეუძლია დაამტკიცოს, რომ სიტუაციის თავიდან აცილება შეუძლებელი იყო. თუ მიზეზი დაკავშირებულია ავიაკომპანიის შიდა პრობლემებთან (მაგალითად, ტექნიკური გაუმართაობა, პერსონალის ნაკლებობა), მაშინ კომპენსაცია გეკუთვნით.