მატარებლით და ავტობუსით მგზავრობა ევროპაში

სხვადასხვა ტრანსპორტის ძებნისა და დაჯავშნის სერვისები

Screenshot

Omio

ეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული აპლიკაციაა, რომელიც ევროპის სხვა ქვეყნებში მატარებლების, ავტობუსებისა და თვითმფრინავების ბილეთებს მოგიძებნით
Screenshot

Trainline

შესანიშნავია მათთვის, ვინც მხოლოდ მატარებლებით მოგზაურობს. Trainline აჩვენებს მატარებლის დაგვიანებასა და გაუქმებას, რაც მოგზაურობას უფრო კომფორტულს ხდის.
Screenshot

Flixbus

Flixbus ევროპაში ყველაზე დიდი ავტობუსების კომპანიაა. მას აქვს გრძელი და მოკლე მარშრუტები, რაც მოგზაურობას ბევრად მოქნილს ხდის. მისი ბილეთები შედარებით იაფია და ხშირად საუკეთესო ვარიანტს წარმოადგენს, თუ ბიუჯეტით მოგზაურობთ.
Screenshot

Rome2Rio

Rome2rio არის საძიებო პლატფორმა, რომელიც მოგზაურობის ყველა ვარიანტს გიჩვენებთ. თქვენ მხოლოდ საწყისი და დანიშნულების წერტილი უნდა შეიყვანოთ და ის ყველა შესაძლო გზას გიჩვენებთ, იქნება ეს მატარებელი, ავტობუსი, თვითმფრინავი თუ მანქანა.

მატარებლის კომპანიები ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში

Deutsche Bahn

Deutsche Bahn არის გერმანიის ეროვნული სარკინიგზო კომპანია, რომელიც ქვეყნის უმსხვილესი სარკინიგზო ოპერატორია და ევროპაში სიდიდით მეორე სატრანსპორტო კომპანიაა. მას ხშირად მოიხსენიებენ როგორც DB.

Renfe

ესპანეთის ეროვნული სარკინიგზო კომპანია, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყნის სარკინიგზო მომსახურებაზე. Renfe მართავს ესპანეთის სარკინიგზო ქსელის უმეტეს ნაწილს.

Trenitalia

Trenitalia არის იტალიის ეროვნული სარკინიგზო კომპანია, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყნის სარკინიგზო ქსელის მართვაზე. Trenitalia გთავაზობთ როგორც მაღალსიჩქარიან მატარებელს (Frecce), ისე შედარებით ნელ და იაფ რეგიონალურს.

Italo

Italo არის კერძო იტალიური სარკინიგზო კომპანია, რომელიც სპეციალიზებულია მაღალსიჩქარიან სამგზავრო გადაზიდვებზე. ის Trenitalia-ს მთავარი კონკურენტია იტალიაში და ცნობილია თანამედროვე, კომფორტული მატარებლებით.

SNCF

საფრანგეთის ეროვნული სარკინიგზო კომპანია. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი სარკინიგზო ოპერატორი, რომელიც მართავს როგორც შიდა, ისე საერთაშორისო მიმართულებებს. SNCF ასევე ფლობს და მართავს სხვადასხვა შვილობილ კომპანიებს, როგორიცაა Ouigo და Eurostar.

SBB

SBB (შვეიცარიული რკინიგზები) არის შვეიცარიის ეროვნული სარკინიგზო კომპანია. იგი ცნობილია პუნქტუალურობით, ეფექტურობითა და მომსახურების მაღალი ხარისხით. SBB მართავს რკინიგზის ერთ-ერთ ყველაზე მჭიდრო ქსელს ევროპაში, რაც მას შვეიცარიაში მოგზაურობის შეუცვლელ საშუალებად აქცევს.

კითხვები

სად შევიძინოთ ბილეთები?

 თუ თქვენ გსურთ შეადაროთ რამდენიმე ვარიანტი, საძიებო სერვისები  (Omio, Flixbus და სხვა) უფრო მოსახერხებელია. ისინი გაძლევენ სრულ სურათს და გიადვილებენ დაგეგმვას. 

 თუ უკვე იცით რომელი კომპანიით გსურთ მგზავრობა, პირდაპირ კომპანიის ვებგვერდზე ყიდვა შეიძლება უფრო იაფი იყოს და უზრუნველყოფს, რომ მიიღოთ უახლესი ინფორმაცია თქვენი მგზავრობის შესახებ.

ძვირდება თუ არა ბილეთები მგზავრობის თარიღის მოახლოებისას?

 დიახ, როგორც წესი, მატარებლისა და ავტობუსის ბილეთები ძვირდება მგზავრობის თარიღის მოახლოებასთან ერთად. ეს არის გავრცელებული პრაქტიკა, რომელიც ბილეთების ფასებს დინამიურად არეგულირებს მოთხოვნის მიხედვით.

 იაფი ბილეთების უმეტესობა, როგორც წესი, წინასწარ იყიდება. როდესაც ეს ბილეთები ამოიწურება, ხელმისაწვდომი ხდება უფრო ძვირი ტარიფები.

 ადრე დაჯავშნა – ეს არის საუკეთესო გზა თანხის დაზოგვისთვის. შეეცადეთ შეიძინოთ ბილეთები გამგზავრებამდე რამდენიმე კვირით ან თვით ადრე.

 თუმცა არსებობენ ე.წ. რეგიონალური (Regional) მატარებლები სადაც ტარიფი არის ფიქსირებული და არ იცვლება. ესეთი მატარებლით იგივე მგზავრობას უფრო დიდ ხანს მოანდომებთ და უფრო მეტ ადგილას გაჩერდება.

რა განსხვავებაა მატარებლებში პირველ და მეორე კლასს შორის?

 ევროპაში მატარებლების პირველი და მეორე კლასი ერთმანეთისგან ძირითადად კომფორტით, სერვისებითა და, რა თქმა უნდა, ფასით განსხვავდება.

 მეორე კლასი სტანდარტული და ყველაზე ხშირად გამოყენებული ვარიანტია, რომელიც მოიცავს ყველა ძირითად სერვისს.

 პირველი კლასი განკუთვნილია მათთვის, ვინც მზად არის დამატებითი თანხა გადაიხადოს უფრო მაღალი კომფორტისა და სერვისისთვის. მაგალითად: უკეთესი სკამები, მეტი სივრცე, ზოგიერთ მარშრუტზე მცირე საჭმელი და სასმელი და ლაუნჯებზე წვდომა სადგურებში. ყველა არსებული სერვისი დამოკიდებულია კონკრეტულ კომპანიაზე და მატარებელზე. როგორც წესი ბილეთის ყიდვისას ყველა ეს სერვისი მკაფიოდ აღწერილია. 

 თუ თქვენთვის მთავარი პრიორიტეტი ფასია და არ გჭირდებათ დამატებითი კომფორტი, მეორე კლასი სრულიად საკმარისია. ხოლო თუ გსურთ მშვიდი, კომფორტული მგზავრობა და მზად ხართ დამატებითი თანხა გადაიხადოთ, პირველი კლასი საუკეთესო არჩევანია.

არის თუ არა საპასპორტო შემოწმება ქვეყნიდან ქვეყანაში გადაადგილებისას?

 შენგენის ზონის ქვეყნებში, მატარებლით ან ავტობუსით საზღვრის გადაკვეთისას, როგორც წესი, არ არის საპასპორტო კონტროლი.

 ცალკეულ შემთხვევებში, უსაფრთხოების მიზნით, ქვეყანას შეუძლია დროებით აღადგინოს საზღვრის კონტროლი.

 ასევე უკანონო მიგრაციასთან და სხვა დანაშაულთან ბრძოლის მიზნით, შეიძლება მოხდეს გზაში თქვენი საბუთების შემოწმება პოლიციის მხრიდან.  

ამიტომ აუცილებლად უნდა იქონიოთ თან პასპორტი.

  ავტობუსით მგზავრობის შემთხვევაში, შემოწმების ალბათობა უფრო დიდია ვიდრე მატარებლით მგზავრობის შემთხვევაში.

 თუ მოგზაურობთ ქვეყნებს შორის, რომლებიც არ არიან შენგენის ზონის წევრები (მაგალითად, ირლანდია, გაერთიანებული სამეფო, ბულგარეთი, რუმინეთი), საპასპორტო კონტროლი ჩვეულებრივ მოქმედებს.

დამიბრუნდება თუ არა თანხა თუ ბილეთი გავაუქმე?

 მატარებლისა და ავტობუსის ბილეთებს ხშირად აქვს დაბრუნების განსხვავებული პირობები.

 დაბრუნებადი ბილეთები (Refundable Tickets) – ეს ბილეთები უფრო ძვირია, მაგრამ გაძლევთ მოქნილობას. მათი გაუქმების შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ დაიბრუნოთ თანხის ნაწილი ან სრული ოდენობა.

 არადაბრუნებადი ბილეთები (Non-refundable Tickets) – ეს ბილეთები შედარებით იაფია და ხშირად მათი გაუქმება შეუძლებელია. თუ მგზავრობაზე უარს იტყვით, თანხა არ დაგიბრუნდებათ. 

 ზოგიერთი არადაბრუნებადი ბილეთის გაცვლა შესაძლებელია სხვა თარიღზე, თუმცა ამისათვის შეიძლება საჭირო იყოს დამატებითი გადასახადის გადახდა.

 ბილეთის შეძენისას ყოველთვის ყურადღებით წაიკითხეთ წესები და პირობები. იქ იქნება აღწერილი, არის თუ არა ბილეთი დაბრუნებადი და რა პირობებში.