როგორ ვიქირაოთ მანქანა ევროპის ქვეყნებში

მანქანის გაქირავების პოპულარული კომპანიები

Hertz

Hertz-ი მომხმარებელს სთავაზობს სხვადასხვა კლასის ავტომობილებს, ეკონომიური მოდელებიდან დაწყებული, ძვირადღირებული სპორტული მანქანებით დამთავრებული. კომპანიას ასევე აქვს ერთგულების პროგრამა Hertz Gold Plus Rewards, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს დააგროვონ ქულები და მიიღონ ფასდაკლებები. Hertz-ი გამოირჩევა თავისი მასშტაბითა და მომსახურების ხარისხით.

Avis

Avis არის მსოფლიოში ცნობილი ავტომობილების გაქირავების კომპანია. ის Hertz-ის ერთ-ერთი მთავარი კონკურენტია. Avis-ი ოპერირებს 180-ზე მეტ ქვეყანაში და ცნობილია მომსახურების მაღალი ხარისხით. კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს სხვადასხვა კლასის ავტომობილებს, აქვს მობილური აპლიკაცია და ერთგულების პროგრამა Avis Preferred.

Europcar

Europcar არის ავტომობილების გაქირავების ევროპული კომპანია, რომელიც ამ სფეროში მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშეა. ის 140-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს და მომხმარებლებს სთავაზობს როგორც მოკლე, ასევე გრძელვადიან გაქირავების სერვისებს. Europcar-ი ასევე გამოირჩევა თავისი მდგრადობის პოლიტიკით და ერთგულების პროგრამით Europcar Privilege.

Budget

Budget არის ავტომობილების გაქირავების კომპანია, რომელიც ცნობილია ხელმისაწვდომი ფასებით. ის Avis-ის შვილობილი კომპანიაა და დაახლოებით 120-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს. Budget კარგი არჩევანია მათთვის, ვისაც ბიუჯეტური მოგზაურობა სურს. Budget-ი კარგი არჩევანია მათთვის, ვისაც სურს დაიქირაოს ავტომობილი მაღალი ხარისხის მომსახურებით, მაგრამ დაბალ ფასად.

Sixt

Sixt არის ავტომობილების გაქირავების გერმანული კომპანია, რომელიც ცნობილია პრემიუმ კლასის ავტომობილების ფართო არჩევანითა და მაღალი ხარისხის მომსახურებით. Sixt-ი გამოირჩევა იმით, რომ ფოკუსირებულია პრემიუმ ბრენდებზე, როგორიცაა BMW, Mercedes-Benz, Audi და Porsche. ის 100-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს და აქტიურად იყენებს ინოვაციურ ტექნოლოგიებს.

Enterprise

Enterprise არის ავტომობილების გაქირავების კომპანია, რომელიც ცნობილია მომსახურების მაღალი ხარისხით და ფართო ქსელით. ის მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშეა, ოპერირებს 85-ზე მეტ ქვეყანაში და ფოკუსირებულია როგორც კორპორატიულ, ასევე ინდივიდუალურ კლიენტებზე.

Alamo

Alamo არის ავტომობილების გაქირავების კომპანია, რომელიც ცნობილია ხელმისაწვდომი ფასებით და მარტივი მომსახურებით. ის Enterprise Holdings-ის ნაწილია და ოპერირებს აშშ-ში, კანადაში, ევროპასა და სხვა ქვეყნებში. Alamo-მ პირველმა დანერგა აეროპორტებში თვითმომსახურების კიოსკები, რაც მომხმარებლისთვის მოსახერხებელია.

Rentalcars

Rentalcars არის ავტომობილების გაქირავების პლატფორმა და არა უშუალოდ კომპანია, რომელიც მანქანებს ფლობს. ის მოქმედებს როგორც ბროკერი, რომელიც აერთიანებს მსოფლიოს წამყვან ავტომობილების გაქირავების კომპანიებს (როგორიცაა Hertz, Avis, Europcar და სხვები). ეს მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ერთ ვებგვერდზე შეადაროს სხვადასხვა კომპანიის შეთავაზებები და იპოვოს საუკეთესო ვარიანტი.

კითხვები

საკმარისია მქონდეს ქართული მართვის მოწმობა?

 აუცილებლად უნდა გქონდეთ მართვის მოწმობა. ზოგიერთ ქვეყანაში ქართული მართვის მოწმობა საკმარისია, მაგრამ ზოგჯერ შეიძლება საერთაშორისო მართვის მოწმობაც მოითხოვონ. ამიტომ, წინასწარ დააზუსტეთ კომპანიასთან ან იმ ქვეყნის საელჩოსთან, სადაც მიემგზავრებით.

 კომპანიები ხშირად ითხოვენ, რომ მართვის მოწმობა მინიმუმ ერთი წელია, რაც აღებული გაქვთ. ზოგჯერ კომპანიებს დამატებითი მოთხოვნები აქვთ, ამიტომ ყოველთვის დააზუსტეთ მათთან მოგზაურობამდე.

 საიდენტიფიკაციო ბარათი: თან იქონიეთ პირადობის დამადასტურებელი საბუთი, მაგალითად, პასპორტი.

რა ასაკიდან შემიძლია მანქანის დაქირავება?

 როგორც წესი, მანქანის დაქირავება 21 წლის ზემოთ არის შესაძლებელი, თუმცა ზოგიერთი კომპანია უფრო მაღალ ასაკობრივ ზღვარს აწესებს, მაგალითად, 25 წელს. ასევე, 25 წლამდე ასაკის მძღოლებისთვის შეიძლება დამატებითი გადასახადი დაწესდეს.

მანქანის დაქირავებისას რა ტიპის დაზღვევა არსებობს?

 ძირითადი დაზღვევა: მანქანის ქირავნობის ფასში, როგორც წესი, შედის ძირითადი დაზღვევა, რომელიც ფარავს ზიანს, რომელსაც მანქანას და სხვებს მიაყენებთ. თუმცა, ამ დაზღვევას აქვს საკუთარი რისკი, რომელიც თქვენზეა დამოკიდებული. მაგალითად, თუ მანქანა დააზიანეთ, გარკვეული თანხის გადახდა მოგიწევთ, რომელიც კონტრაქტშია მითითებული. ხშირად არ ფარავს საბურავებისა და შუშების დაზიანებას.

 დამატებითი დაზღვევა: თუ არ გსურთ რისკის აღება, შეგიძლიათ, დამატებითი დაზღვევა შეიძინოთ, რომელიც მგზავრობისას ნებისმიერ ზიანს დაფარავს. ამას ეწოდება სრული დაფარვა, რომელიც ძვირია, მაგრამ უსაფრთხოა.

 

 ბარათის დაზღვევა: ზოგიერთი საკრედიტო ბარათი მოიცავს მანქანის დაზღვევას, როცა ამ ბარათით იხდით. შეამოწმეთ თქვენი ბანკის პირობები, რადგან ამან შეიძლება დაზოგოთ ფული.

კიდევ რა ძირითადი პირობები არსებობს მანქანის დაქირავებისას?

 საწვავის პოლიტიკა: ყველაზე გავრცელებული პოლიტიკა არის სრული ავზით აღება/სრული ავზით დაბრუნება (Full-to-Full). ამ შემთხვევაში, მანქანას იღებთ სავსე ავზით და ასევე სავსეთი აბრუნებთ. თუ ავზი არასრული იქნება, კომპანია შეავსებს და დამატებით გადასახადს დაგაკისრებთ.

 გარბენის შეზღუდვა: ზოგიერთი კომპანია აწესებს დღიურ გარბენის ლიმიტს, რომლის გადაჭარბების შემთხვევაშიც დამატებითი გადასახადის გადახდა მოგიწევთ. ამიტომ ყურადღება მიაქციეთ, აქვს თუ არა მანქანას გარბენის შეზღუდვა.

 დამატებითი მძღოლი: თუ თქვენ გარდა, სხვა პირიც აპირებს მანქანის მართვას, ისიც უნდა იყოს მითითებული ხელშეკრულებაში. ამისთვის დამატებითი გადასახადი იჭრება.

 გაარკვიეთ შედის თუ არა ფასში GPS ნავიგატორი, საბავშვო სკამი და სხვა თქვენთვის საინტერესო ოფციები.

სად უნდა დავაბრუნო მანქანა?

 მანქანის დაბრუნების ყველაზე გავრცელებული ვარიანტებია:

 დაბრუნება იმავე ადგილას: ყველაზე გავრცელებული ვარიანტია. ამ შემთხვევაში, მანქანას იღებთ და აბრუნებთ ერთსა და იმავე ფილიალში, მაგალითად, აეროპორტში.

 დაბრუნება სხვადასხვა ადგილას (One-way Rental): თუ მოგზაურობის მარშრუტი ისეთია, რომ სხვა ქალაქში გიწევთ დაბრუნება, შეგიძლიათ, მანქანა სხვა ქალაქის ფილიალში დააბრუნოთ. ამ სერვისს ხშირად One-way Rental ეწოდება და შეიძლება ამაზე დამატებითი გადასახადი დაწესდეს.

როგორ უნდა გადავიხადო ფასიანი გზის გადასახადი?

 ევროპის უმეტეს ქვეყანაში გზები ხშირად ფასიანია. არსებობს გადახდის რამდენიმე ვარიანტი:

• ავტომატური გადახდა: გზებზე დაყენებულია კამერები, რომლებიც მანქანის ნომრებს კითხულობს. ასეთ შემთხვევაში, გადახდა ხდება ავტომატურად. თუ დაქირავებული მანქანით მოძრაობთ, თანხა თქვენს ბარათზე ავტომატურად აისახება.

• გადახდა სალაროში: ზოგ ქვეყანაში, გზებზე არსებულ სალაროებში შეგიძლიათ, გადასახადი ნაღდი ფულით ან ბარათით გადაიხადოთ.

• Vignette: ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად, შვეიცარიაში, უნგრეთში, სლოვაკეთში, სლოვენიაში, ჩეხეთსა და ავსტრიაში, საჭიროა Vignette-ის ყიდვა. ეს არის სტიკერი, რომელსაც მანქანის საქარე მინაზე აკრავთ და ის ადასტურებს, რომ გზების საფასური გადახდილია. მისი ყიდვა ონლაინ, საზღვარზე, ბენზინგასამართ სადგურებსა და საფოსტო განყოფილებებშია შესაძლებელი.

 მნიშვნელოვანია: თუ არ გაქვთ Vignette და ფასიან გზაზე იმგზავრებთ, შესაძლოა, დაჯარიმდეთ. ამიტომ, მოგზაურობის წინ აუცილებლად გადაამოწმეთ, სჭირდება თუ არა იმ ქვეყანას, სადაც მიემგზავრებით, Vignette.

სად შეიძლება დავაპარკინგო მანქანა?

 ევროპის ქალაქებში პარკირების წესები შეიძლება განსხვავდებოდეს. ზოგადად, არსებობს რამდენიმე ტიპის პარკინგი:

 ფასიანი პარკინგი – ევროპის უმეტეს ქალაქში ქუჩაში პარკირება ფასიანია. გადახდის რამდენიმე ვარიანტი არსებობს:

• ავტოსადგომის აპარატები: პარკირების ადგილას შეგიძლიათ, იპოვოთ სპეციალური აპარატი, სადაც თქვენს მანქანას დაარეგისტრირებთ და ნაღდი ფულით ან ბარათით გადაიხდით.

• მობილური აპლიკაცია: ბევრ ქალაქს აქვს საკუთარი აპლიკაცია, რომლის მეშვეობითაც შეგიძლიათ, პარკირების საფასური გადაიხადოთ.

 უფასო პარკინგი – ზოგიერთ ქუჩაზე პარკირება უფასოა, თუმცა დროითი შეზღუდვები მოქმედებს. თქვენ შეგიძლიათ, იპოვოთ სპეციალური პარკირების ნიშანი, რომელიც უფასო საათებსა და წესებს მიუთითებს.

 ავტოსადგომები – ევროპის ქალაქების ცენტრებში ბევრი მიწისქვეშა ავტოსადგომია. ეს კარგი ვარიანტია, თუ ქალაქში რამდენიმე საათით ან მთელი დღით აპირებთ დარჩენას. ასეთ ავტოსადგომებში პარკირება, როგორც წესი, უფრო ძვირია, ვიდრე ქუჩის პარკინგი.

 მნიშვნელოვანია:

• პარკირების ადგილზე ყოველთვის გადაამოწმეთ ნიშნები და ინსტრუქციები, რათა თავიდან აიცილოთ ჯარიმა.

• ევროპაში ჯარიმები საკმაოდ მაღალია. თუ მანქანას არასწორად დააყენებთ, შესაძლოა, დაჯარიმდეთ.

სად მომივა და როგორ გადავიხადო ჯარიმები?

 უმეტეს შემთხვევაში, დაქირავებული მანქანით მიღებულ ჯარიმებს ავტომატურად გადაიხდის კომპანია. ის ჯარიმის თანხას თქვენს საკრედიტო ბარათს ჩამოაჭრის.

 მნიშვნელოვანია:

• კომპანიას აქვს უფლება, ჯარიმის თანხას დამატებითი მომსახურების საკომისიო დაამატოს.

• ჯარიმის შესახებ შეტყობინება, როგორც წესი, ელექტრონულ ფოსტაზე მოგდით.

• შეიძლება ზოგიერთი ქვეყნიდან ჯარიმის ქვითარი, გარკვეული პერიოდის შემდეგ საქართველოში ფოსტითაც ჩამოვიდეს.

 ზოგიერთ შემთხვევაში, შეგიძლიათ, ჯარიმა თავად გადაიხადოთ. ამისთვის:

• თუ ჯარიმის ქვითარი ადგილზე მოგეცემათ, შეგიძლიათ, თანხა მაშინვე, ადგილზევე გადაიხადოთ, რაც დამატებითი ხარჯების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.

• ჯარიმის გადახდა შესაძლებელია ონლაინ, იმ კონკრეტული ქვეყნის ოფიციალურ ვებგვერდზე, სადაც დაჯარიმდით.